სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია იმის მიხედვით, თუ რომელმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რამდენი ხმა დააგროვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა.
სანტურიანის თქმით, დაფინანსების მისაღებად აუცილებელი იყო, კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას გადაელახა 1%-იანი ბარიერი. როგორც სანტურიანმა განაცხადა, ბარიერი გადალახა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, მათგან ერთმა, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ დაფინანსებაზე უარი განაცხადა.
გუშინ, 26 დეკემბერს დასრულდა „ცესკოსთვის“ მომართვის ვადა იმ პოლიტიკური გაერთიანებებისთვის, რომლებსაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება და სურდათ, უარი განეცხადებინათ ამგვარი დაფინანსების მიღებაზე. სულ წარმოდგენილი იყო ერთი განცხადება ერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ. ეს არის „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი დროა“. შესაბამისად, შვიდი პოლიტიკური გაერთიანებიდან, რომლებსაც წარმოეშვათ დაფინანსების უფლება, საბოლოოდ დაფინანსებას მიიღებს ექვსი პოლიტიკური გაერთიანება.
დაფინანსების მისაღებად კანონმდებლობა აწესებს წინაპირობებს. კერძოდ, აუცილებელია, კონკრეტულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახოს 1%-იანი ბარიერი. ამ შემთხვევაში, 1%-იანი ბარიერი გადალახა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და იმავდროულად, პოლიტიკური დაფინანსების ოდენობა მიბმულია ხმების რაოდენობაზე. დაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია იმის მიხედვით, თუ რომელმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რამდენი ხმა დააგროვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.