ირაკლი ვაჭარაძე: ბატონო კახა, იმედი მაქვს, სამოთხეში ანგელოზებს ფრთების პრივატიზების აუცილებლობაში არ დაარწმუნებთ
ორგანიზაცია „იდენტობის“ ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის – თავისუფალი უნივერსიტეტის დაამარსებლის კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.
როგორც ვაჭარაძე ორგანიზაციის ვებგვერდზე წერს, ვერ წარმოიდგენდა, რომ ბენდუქიძის გარდაცვალებაზე ასე დასწყდებოდა გული, რადგან მათი იდეოლოგია ერთმანეთისგან რადიკალურად, დიამეტრალურად განსხვავდებოდა.
„სასტიკად ვაკრიტიკებდი, როდესაც ხელისუფლებაში იყო. კაციჭამია მემარჯვენედ მივიჩნევდი და ყველა ღარიბის პრობლემასაც ლამის მის რეფორმებს ვაბრალებდი. მიუხედავად ამისა, არასდროს შეუწყვეტია ჩემი აღფრთოვანება თავისი ხალასი გონებით, რომელიც გასაოცარი სიმსუბუქით ატრიალებდა უმძიმეს იდეებს ჰაერში და უჩვეულო სისწრაფითვე, სხაპასხუპით გადასცემდა გაოცებულ მსმენელს.
ის იყო ყველაზე საინტერესო მოაზროვნე, რომელიც შეიძლება საკამათო გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგრამ მუდამ გაიძულებდა, გეფიქრა კრიტიკულად, მისთვის წინააღმდეგობა გაგეწია, ახალი არგუმენტები მოგეფიქრებინა და, ამგვარად, საკუთარ ჭეშმარიტება აღმოგეჩინა.
კახა ბენდუქიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწერალი, რომელიც უჩვეულო ლაკონურობით და სისხარტით ატევდა დიდ ისტორიულ მოვლენებს სულ რამდენიმე წინადადებაში. მისი ესსე დავით აღმაშენებლის შესახებ, თამთა მელაშვილის “გათვლის” მსგავსად, ჩვენი დროის ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანეს ტექსტად დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, ყელში მაინც ბურთი და თვალში ცრემლი მადგება. მიუხედავად იმისა, რომ მისი და ჩემი იდეოლოგია ერთმანეთისგან რადიკალურად, დიამეტრალურად განსხვავდებოდა, რომ ვერ წარმოვიდგენდი, ისე დამწყდა გული ამ საინტერესო ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო.
ყველაზე ბოლოს კი, იმან გამითბო გული, რომ ეს “კაციჭამია მემარჯვენე” ლილე ჩხეტიანის სიცოცხლის გადასარჩენ აქციაში ჩაერთო და თან ყველას წერდა- ძალიან მიყვარხართო.
ბატონო კახა, იმედი მაქვს სამოთხეში ანგელოზებს არ დაერევით და ფრთების პრივატიზების აუცილებლობაში არ დაარწმუნებთ.
დაგვაკლდებით“, – წერს ვაჭარაძე.