სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამი თანამშრომელი დაითხოვეს

  სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, პენიტენციური სისტემიდან სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულების სამი თანამშრომელი დაითხოვეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტების ფარულად დაუფლების ფაქტზე, სისტემიდან დაითხოვეს სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი ს.ყ. აღნიშნული პირი დროის სხვადასხვა პერიოდში, სამედიცინო ნაწილიდან იპარავდა ფსიქოტროპული მედიკამენტის, “გაბაგირის” აბებს და, სიგარეტისა და შოკოლადების სანაცვლოდ, გადასცემდა მსჯავრდებულ კ.მ-ს.
“ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს სასჯელაღსრულების N18 სამკურნალო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ზ.ბ. იმავე მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდა N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი კ.გ, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა” ,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები