სასწრაფოდ: კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

 ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.  ბენდუქიძეს გულის ოპერაცია შვეიცარიაში გაუკეთეს, 3 სტენდი ჩაუდგეს,  მოგვიანებით, კი  ინგლისში  გადაიყვანეს.  ის სწორედ ლონდონში გარდაიცვალა.

კახა ბენდუქიძე 1956 წლის 20 აპრილს ქალაქ თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. სწავლის დასრულების შემდეგ, 1981 წლიდან  ბენდუქიძე მუშაობდა ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ.
კახა ბენდუქიძემ 1990 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 1993 წლიდან აქტიურად ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციისა და კონსოლიდაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია – „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“. მისი შექმნის დღიდან 2004 წლამდე კახა ბენდუქიძე იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის წლებში „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“ გადაიქცა საერთაშორისო კომპანიად, რომელიც თავის საწარმოო საქმიანობას წარმართავდარუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ჩეხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიამ გაიარა ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
2002 წლიდან იყო ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) ინსტიტუციური ეკონომიკის კათედრის პროფესორი. 2004 წლის მაისამდე იყო რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ვიცე–პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა საგადასახადო–საბიუჯეტო კომიტეტს. 2004 წლის დასაწყისში იგი ჩამოშორდა აქტიურ ბიზნესსაქმიანობას.
2004 წლის ივნისიდან გახდა საქართველოს მთავრობის წევრი – ეკონომიკის მინისტრი, შემდგომ – ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.
ბენდუქიძე იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები