გიორგი მარგველაშვილს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ. პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე გიორგი მარგველაშვილის გამოსვლით დაიწყება, რის შემდეგაც ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს და ამით პროცესი დასრულდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც გიორგი მარგველაშვილი თანახმაა, პარლამენტის წინაშე ნებისმიერი, მათ შორის, დებატების ფორმატით წარსდგეს.
“პრეზიდენტი თანახმაა, ნებისმიერი ფორმატით წარსდგეს პარლამენტის წინაშე, მათ შორის, დებატებზეც თანახმაა, თუმცა ეს ფორმატი, რომლითაც მხოლოდ პრეზიდენტის მიმართვაა გათვალისწინებული, შემოთავაზებული იყო პარლამენტის მხრიდან”, – განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გარეშე წარიმართება. დებატების გამართვის საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა, თუმცა უმრავლესობამ ეს ინიციატივა არ გაითვალისწინა.

პრეზიდენტს პარლამენტში მისვლა და სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე სურს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ, 5 ნოემბერს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები