თელავიდან გაუჩინარებული მამაკაცი სახლში მივიდა
თელავში, 50 წლის მამაკაცი, რომელსაც სამართალდამცველები უკვე რამდენიმე დღეა ეძებდნენ, საკუთარ სახლში მივიდა – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველები რამდენიმე დღეა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრებ 50 წლის მამაკაცს ეძებდნენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შვილმა მამის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს 11 ნოემბერს მიაწოდა. მამაკაცის ძებნას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველო ახორციელებდა. დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, 50 წლის ვაჟა ფარეშიშვილი სახლიდან “ფორდის” მარკის სატვირთო ავტომანქანით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
როგორც დაკარგულის მეუღლე აცხადებდა, ოჯახს ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები ჰქონდა და აღებული ვალის დაფარვას ვერ ახერხებდა. დაკარგულის ნათესავების თქმით, ვაჟა ფარეშიშვილს ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა და არ გამორიცხავდნენ, რომ ფინანსური პრობლემების გამო მას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.