თაკო ყურშავიშვილმა თვითმკვლელობამდე ოთხჯერ გაისროლა

       ახალგაზრდა ჟურნალისტის თვითმკვლელობის ახალი დეტალები

„კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ 18 წლის თაკო ყურშავიშვილმა თვითმკვლელობა ადრეც სცადა. მაშინ მან მედიკამენტები დალია. ახალგაზრდა გოგონამ უკვე 17 თებერვალს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი თაკო ყურშავიშვილის საძინებელ ოთახში გამომძიებლებმა 4 ცარიელი მასრა აღმოაჩინეს. მათ შორის სამი კედელში იყო ჩაჭედილი. ახალგაზრდა ჟურნალისტს თავის არეში, საფეთქელთან, მარჯვნიდან მარცხნივ ერთი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. თაკო ყურშავიშვილი საწოლთან ახლოს პირქვე, სისხლის გუბეში იწვა, მას მამის ტაბელური იარაღი მარჯვენა ხელში ეკავა. იარაღში კიდევ ერთი ტყვია იყო დარჩენილი. 18 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდა პირველად მისმა მეზობელმა მაკა სამნიაშვილმა ნახა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ცარიელი მასრების და იარაღის ტიპის შესახებ გამოძიება ინფორმაციას ამ დროისთვის არ ახმაურებს.
„კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას მამა იარაღს სახლში ყოველთვის დაშლილს ტოვებდა.
როგორც “კვირას” გარდაცვლილის მეგობარმა განუცხადა, თვითმკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე, თაკო ყურშავიშვილი ფსიქოლოგთან იმყოფებოდა. თუმცა, მან პაციენტი სამკურნალოდ ფსიქიატრთან გადაამისამართა. ფსიქიატრმა პაციენტთან დანიშნული სამი შეხვედრა მოუცლელობის გამო გადადო. მან სამკურნალოდ კოლეგა ურჩია. სხვა ფსიქიატრთან ვიზიტს თაკო და დედამისი არ დაეთანხმნენ.
ყურშავიშვილის მეგობრის თქმით, ტრაგედიამდე ახალგაზრდა ჟურნალისტი მეგობრებთან საუბრობდა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა, თუმცა ის მაშინ მამის იარაღს არ ახსენებდა. მეგობრების ინფორმაციით, თაკო საცხოვრებელი კორპუსიდან გადახტომას აპირებდა.

1964730_707859115903251_2055024390_n როგორც „კვირას“ საბავშვო ტელევიზია ,,ინკოგნიტოს” ხელმძღვანელმა მანანა გაბრიჭიძემ განუცხადა, გარდაცვალებამდე ახალგაზრდა გოგონა შინ მარტო იმყოფებოდა და ყურშავიშვილების საცხოვრებელი სახლის კარი ღია იყო. ტრაგედიამდე დედამ მას რამდენჯერმე დაურეკა, თუმცა თაკო ყურშავიშვილმა ტელეფონს არ უპასუხა. მშობელმა დახმარებისთვის მეზობელს დაურეკა და თაკოსთან სახლში შესვლა სთხოვა.
„დედას რამდენჯერმე დაურეკავს თაკოსთვის, თუმცა პასუხი არ გაუცია. ამის შემდეგ მეზობლის სახლში გადაურეკავს, თაკოს ვერ ვუკავშირდები და შემეხმიანოსო,- უთქვამს დედას. მეზობელი, რომელიც ფეხმძიმედ იყო, ყურშავიშვილებთან ჩასულა და კარი ღია დახვედრია. საძინებელ ოთახში თაკო იატაკზე ეგდო და სისხლის გუბეში იწვა,“ – ამბობს მანანა გაბრიჭიძე.
„კვირას“ ინფორმაციით, 17 თებერვლის დილით ახალგაზრდა ჟურნალისტის მშობლები სახლიდან იმ მოტივით გავიდნენ, რომ მათ უმცროსი შვილის, ნიკუშა ყურშავიშვილის მოსკოვში გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტაცია უნდა მოემზადებინათ. 63 -ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკუშა ყურშავიშვილი ფეხბურთელია და მოსკოვში გასამგზავრებლად ემზადებოდა.
საბავშვო ტელევიზია ,,ინკოგნიტოს” ხელმძღვანელი მანანა გაბრიჭიძე თაკო ყურშავიშვილის თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს.
„თაკოს სიცოცხლე ისე უყვარდა, ისეთი ენერგიული და ჭკვიანი იყო, თავს არ მოიკლავდა. არ ვიცი, რა მოხდა. აბიტურიენტი იყო და მისაღები გამოცდებისთვის ემზადებოდა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებული თითქმის ჩამოყალიბებული ჟურნალისტი იყო და მომავალზე ოცნებობდა“, – აცხადებს მანანა გაბრიჭიძე.
მისი თქმით, გოგონა 2013 წლის ეროვნულ გამოცდებზე გასვლას აპირებდა და სკოლის გამოცდები ექსტერნად ჩააბარა.
„თაკო 63-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა, სასწავლო პროგრამა ექსტერნად ჩააბარა, მაგრამ ერთი ქულა დააკლდა. ამიტომ 2013 წლის ეროვნულ გამოცდებზე გასვლა ვეღარ შეძლო. სკოლაც ამიტომ გამოიცვალა, სტუდენტობისთვის ემზადებოდა. მომზადება დაიწყო. მშობლები არაფერს აკლებდნენ. უბრალოდ, როგორც აბიტურიენტი, გამოცდებზე ნერვიულობდა, მაგრამ ამის გამო თავს არ მოიკლავდა“, – აცხადებს მანანა გაბრიჭიძე.
1927119_707859072569922_531977910_n63-ე საჯარო სკოლის დამრიგებელმა ნანა მონიავამ „კვირას“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ თაკო ყურშავიშვილი 2013 წლის იანვარში, მართლაც, აბარებდა ექსტერნად სასწავლო პროგრამას, მაგრამ მან საკმარისი ქულები ვერ მოიპოვა. სწორედ 2013 წლის იანვარში თაკო ყურშავიშვილმა ორხევის დასახლებაში მდებარე მე-20 საჯარო სკოლაში გააგრძელა სწავლა.
მე-20 საჯარო სკოლის მე-12 კლასის ყოფილ მოსწავლეს თაკო ყურშავიშვილს 20 თებერვალს დაკრძალავენ. დაკრძალვის შემდეგ მოზარდის კლასელებს და კლასის დამრიგებელს გამომძიებელი დაჰკითხავს.
როგორც კლასის დამრიგებელმა ირინა მარინაძემ „კვირას“ განუცხადა, გამომძიებელი თაკოს უახლოეს მეგობარებს ეძებს.
„თაკო კლასში ყველას უყვარდა და მას გამორჩეული მეგობარი არ ჰყავდა. არც რაიმე ინციდენტი ყოფილა. ბოლო 20 დღე ვირუსი ჰქონდა და სკოლაშიც არ დადიოდა. ტრაგედიამდე თანაკლასელები საბანკეტო კაბებს ფეისბუქის საშუალებით არჩევდნენ, თურმე…“ – ამბობს კლასის დამრიგებელი.
თუმცა, „კვირას“ ინფორმაციით, თაკო ყურშავიშვილი სწორედ ამ 20 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ფსიქოლოგთან. აღსანიშნავია, რომ ფსიქიატრი ქალბატონია, რომელმაც პაციენტის დედის არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოუცლელობა მოიმიზეზა და შეხვედრა გადადო. რაც შეეხება კლასის დამრიგებელს, ირინა მარინიძეს, ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისმა მოსწავლემ შეყვარებულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, აბსურდულს უწოდებს.
„თაკო შეყვარებულს სექტემბერში დაშორდა, როგორც ვიცი, მათ ერთმანეთთან ურთიერთობა შარშან გაარკვიეს. ის ბიჭი ასაკით თაკოზე უფროსი იყო. არ მგონია, რომ ამ მიზეზით თავი მოეკლა. რა უჭირდა ამ ბავშვს, სინამდვილეში წარმოდგენა არ მაქვს. ისიც არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა გამომძიებელს დაკითხვაზე“.
„კვირას“ ინფორმაციით, თაკო ყურშავიშვილის შეყვარებული მისი მეგობრის ბიძაშვილი იყო და ის წარმოშობით ბათუმიდან არის. ის თბილისში ქირით ცხოვრობს. გარდაცვლილი გოგონას ერთ-ერთი მეგობრის ინფორმაციით, თაკომ შეყვარებული სწორედ მისი დახმარებით გაიცნო. ეს უკანასკნელიც ბათუმელია და ზაფხულობით, ზღვაზე ერთად ისვენებდნენ.
თაკო ყურშავიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ექსპერტიზის დასკვნა ერთი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ თაკო ყურშავიშვილის ცხედარი საკუთარ სახლში 17 თებერვალს აღმოაჩინეს. გარდაცვლილის მამა ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები