საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სამძიმარს და თანადგომას უცხადებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინაში მიმდინარე პროცესები სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპულ ღირებულებებთან. “სასტიკად ვგმობთ ძალის გამოყენების ფაქტს და უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ 18 თებერვალს კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეცაა. ის პროცესები, რომლებსაც ამჟამად შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპულ ღირებულებებთან. ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს უკრაინის ხელისუფლებისადმი, რათა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ მხარეები დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს და ვითარება ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. ყველა ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატივი სცეს საკუთარი ხალხის არჩევანს და უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათთვის ამ უკიდურესად მძიმე მომენტში და ვთვლით, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი ალტერნატივა არის მშვიდობიანი დიალოგი“,- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.