მარგველაშვილი პროცესების კულუარებიდან მართვაზე: ბიძინა ივანიშვილი არ მიგულისხმია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც კულუარებიდან პროცესების მართვას ეხებოდა, განმარტებას აკეთებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მან განცხადების გაკეთების დროს მთელი სიტუაცია იგულისხმა და არა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროცესებში განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე დღეში ჩაერთო.
“როდესაც ამ განცხადებას ვაკეთებდი ვიყავი ავსტრიაში და ვადევნებდი თვალს იმას, რაც ხდებოდა აქ საქართველოში და იმ დინამიკას, როდესაც ფაქტიურად, ქვეყნის წამყვანი ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ ერთმანეთთან ღია, ეთერულ დაპირისპირებაში და ინფორმაცია ტრიალებდა, რომ ამის უკან კიდევ დგას პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები. ერთია, როდესაც აქ ხარ და ამას ყველაფერს ხედავ, დამატებით ინფორმაციას იღებ, მეორეა, როდესაც ამას უყურებ მედიით, ეს იყო ძალიან არასასიამოვნო და განსაკუთრებით შემაშფოთებელი იმიტომ, რომ მე არ ვიყავი ქვეყანაში. საქართველოში რომ ვყოფილიყავი მექნებოდა მეტი ინფორმაცია”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე განმარტებით: “მე აქ ბიძინა ივანიშვილი არ მიგულისხმია, აქცენტი ამაზე არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ იყო წინა პლანზე ბიძინა, მაგრამ ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა ბიძინას მისვლა იქ, განცხადების გაკეთების შემდეგ მოხდა აქცენტის გადატანა ბიძინაზე, იმიტომ, რომ ის კოალიციის პოლიტსაბჭოზე მივიდა, თუმცა იმ მომენტში მე ის უფრო მაშფოთებდა პროკურატურა. თუმცა ჩემი განცხადებიდან რამდენიმე დღეში ბიძინა ჩაერთო ამ პროცესებში”, – განაცხადა მარგველაშვილმა “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “სუბიექტურ აზრში”.