სასჯელაღსრულების სამინისტროს დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი პოლონეთში დასრულდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი პოლონეთში დასრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლები პოლონეთის სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებსა და მათი განხორციელების შედეგებს გაეცნენ.
ვიზიტის მიზანი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარება და ამისათვის აღმოსავლეთ ევროპაში არსებული საუკეთესო გამოცდილების შერჩევა იყო.
დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ ელექტრონული მონიტორინგის ცენტრში, რომელიც 10 000-ზე მეტ „ელექტრონულ პატიმარზე“ ახორციელებს კონტროლს.
რეალური პატიმრობის ამგვარი ალტერნატივა პოლონეთმა რამდენიმე წლის წინ დანერგა, რასაც სასჯელაღსრულების სისტემის განტვირთვა, მოწესრიგება და რესოციალიზაციის კუთხით მეტი მიღწევები მოჰყვა.
„აღნიშნული გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის იმედის მომცემია, რადგან ის ეფუძნება იგივე ღირებულებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო ორი წლის განმავლობაში ნერგავს სასჯელაღსრულების სისტემაში და რისი გაკეთებაც ჩვენი ეკონომიკის გათვალისწინებით შეუძლებელი ნამდვილად არ არის – რეფორმა, რომელიც მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და ჩვენს გუნდს სასჯელაღსრულების სისტემაში აქვს დაგეგმილი, ამ მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს აჩენს“, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ , არჩილ თალაკვაძემ.
პოლონეთში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გოგი გახარია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორი მაია ხასია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი გიორგი ქემოკლიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „პეონის“ თავმჯდომარე ელისო ამირეჯიბიც იმყოფებოდნენ. ვიზიტი „შტეფან ბატორის ფონდის“ ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.