თავდაცვის მინისტრი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ აშშ-ის ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ერიკ ჰანი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშორმლობის საკითხებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ურთიერთობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს კურსი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უცვლელია.
„აშშ-ის ელჩთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მიმოვიხილეთ გასულ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობა, როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო მყარად ჩვენი მთავრობის, სამინისტროს პოზიცია, რომ ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ყველა პლატფორმასა და ყველა ფორმატში აქტიურად და ინტენსიურად გაგრძელდება. კიდევ უფრო მოიმატებს ინტენსივობა, ვიდრე აქამდე იყო. ამის შესახებ მე ელჩს ვესაუბრე. მისი მხრიდანაც გამოითქვა შესაბამისი მზადყოფნა. ასე რომ, ჩვენ ვგეგმავთ ახალი ინიციატივები წარმოვადგინოთ პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა თავდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ახალმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დღეს თავდაცვის უწყებაში მომიწვია. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და სიმბოლურად სურდა, სწორედ აშშ-ის ელჩი ყოფილიყო მისი პირველი სტუმარი. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი ცვლილება არ მოხდება და საქართველოს კურსი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა კარგი საფუძველი იქნება და მომავალშიც გავაგრძელებთ მნიშვნელოვან და მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, – აღნიშნა ნორლანდმა.