„გული დამწყდება, თუ კორუფციის ფაქტები დადასტურდება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ანი მიროტაძე, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ე.წ. კაბელების საქმის მიმართ არა მარტო საგარეო ასპარეზზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც დიდი ინტერესი არსებობს.
მიროტაძის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ საქმის პოლიტიკურ სარჩულზე ყველა კითხვა მოიხსნას, პარლამენტის უმრავლესობამ პროკურატურას გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის თხოვნით მიმართა.
„უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოვითხოვეთ, რაც შეიძლება უმოკლეს დროში, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა. პროკურატურისგან ჩვენ ეს დაპირება მივიღეთ. გრიფის მოხსნის შემდეგ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, გავეცნოთ საქმის მასალებს და გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე. არის ეს პოლიტიკური საქმე თუ საქმე, რომელიც, მართლაც, კორუფციის ნიშნებს ატარებს. ძალიან გული დამწყდება, თუ ვნახავ საქმეში კორუფციულ ნიშნებს. თუ აღმოჩნდება, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, მართლაც, აქვთ რაიმე გადაცდომა, მოვუწოდებ ბადაშვილს და მის უწყებას, რომ ყველა მათ მიერ დადებული ბრალდება გამყარდეს მტკიცებულებებით, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი. მხოლოდ აშშ-ს მხრიდან არ არის მოთხოვნილი, რომ ეს საქმე მაქსიმალურად არგუმენტირებული იყოს, ამ საქმეზე, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით არსებობს ქართული საზოგადოების მაღალი ინტერესი“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გააქარწყლოს მოსაზრება, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით ხდება და ვაშინგტონთან საერთო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულების დემონსტრირება მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები