„ნაციონალების“ დიქტატორულმა რეჟიმმა 2007 წლის 7 ნოემბერს საკუთარი განაჩენი დაწერა“

„მიხეილ სააკაშვილმა, როგორც დიქტატორმა და მისმა პოლიტიკურმა თანამებრძოლებმა, როგორც დიქტატორული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ზუსტად 2007 წლის 7 ნოემბერს დაწერეს საკუთარი ხელისუფლების განაჩენი“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მიროტაძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მოღვაწეობა დაასრულა ისე, როგორც ყველა დიქტატორული რეჟიმი ასრულებს, საქართველო კი მომავალში წარმატებით სვლას მათ გარეშე განაგრძობს.
„ნაციონალებმა“ დაარბიეს საკუთარი ერი, საკუთარი მედია, ქალები, ბავშვები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ოპონენტები… იმ დღეს თავისუფლებისმოყვარე ჩემმა ერმა დაამარცხა დიქტატურა. მე ველოდებოდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრული იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, რადგან ყველა დიქტატორული რეჟიმი თავის მოღვაწეობას ასრულებს ისე, როგორც დაასრულა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. დღეს „ნაციონალები“ იკავებენ თავის დამსახურებულ ადგილს და, მათი მცდელობის მიუხედავად, რომ მათი პარტია ყოფილიყო ძირითადი ოპოზიციური ძალა, არ გამოუვათ. ისინი ერთადერთ ნიშას, ყოფილი ხელისუფლების ნიშას შეინარჩუნებენ, რომელთაც ერთადერთი ადგილი აქვთ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების წარსული. ჩვენ მათ გარეშე გავაგრძელებთ წინსვლას მომავალში“,- განაცხადა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ,რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან “კარვების ქალაქის” გაშლა დააანონსა. პარალელურად, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან “სირცხვილის კორიდორების” მოწყობა გრძელდებოდა. აქცია პოლიციის მიერ მისი მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.
პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები