საუნივერსიტეტო კამპუსში ვიდეოთამაშების მარათონი იწყება
დღეს, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ვიდეოთამაშების მარათონის, GAME JAM-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც მარათონის საკონკურსო და 2D კონკურსის თემები გამოცხადდება.
ღონისძიების ორგანიზატორები დაასახელებენ ოთხ თემას, მათ შორის, ორს – მასპინძელი, თავისუფალი უნივერსიტეტი და GAME JAM-ის გენერალური სპონსორი კომპანია „ჯეოსელი“.
ღონისძიებას 8-9 ნოემბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი უმასპინძლებს.
IGDA GEORGIA-სა და CG GEORGIA-ს მიერ ორგანიზებული ვიდეოთამაშების შექმნის მარათონი – GAME JAM-ი ტრადიციულად მრავალფეროვანია და განსხვავებული ინტერესების მქონე აუდიტორიაზეა გათვლილი. GAME JAM-ის მთავარი სეგმენტი, ვიდეოთამაშების შექმნის მარათონი 8 ნოემბერს, დილის 10 საათზე დაიწყება და 9 ნოემბრის 17 საათამდე გაგრძელდება.
გუნდები შეთავაზებული თემების მიხედვით ვიდეოთამაშის მცირე პროტოტიპს შექმნიან. მარათონი პროტოტიპის შექმნით არ სრულდება. ნამუშევარს ჟიური აფასებს, გუნდი კი პროექტის განვითარებასა და პერსპექტივაზე საუბრობს. ვიდრე გეიმდეველოპერები საკონკურსო თემაზე იმუშავებენ, კამპუსის ტერიტორიას ვიდეოთამაშების მოყვარულთა არმია დაიპყრობს. მათთვის აქ დამატებითი ღონისძიებები იგეგმება: თემატური ვიქტორინები, ტურნირები ვიდეოთამაშებში, დასრულებული პროექტების პრეზენტაციები, კონცეპტარტების კონკურსი და გამოფენა, ბორდგეიმები და, რა თქმა უნდა, მსგავსი ღონისძიებებისთვის აუცილებელი სეგმენტი – ქოსფლეი! GAME JAM-ის ქოსფლეის კარი ნებისმიერი სამყაროდან მოსული პერსონაჟისთვის არის ღია. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ანიმე ან კინოგმირი, თუმცა ქოსფლეის კონკურსში მხოლოდ გეიმპერსონაჟები მონაწილეობენ.
ღონისძიების მასპინძელია დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი; გენერალური სპონსორი GEOCELL; სპონსორი MICROSOFT; მხარდამჭერი SUMSUNG. საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო „თავისუფლება“, DIGITAL CULTURE, IDEAHUB, MARKETER, ITDC. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ია ვეკუა – IGDA GEORGIA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – 599 51 67 07; თამარ როდონაია – GEOCELL-ის მედიასთან ურთიერთობის ექსპერტი – 577 40 01 04; ბექა კოკაია – თავისუფალი უნივერსიტეტის მარკეტინგის მენეჯერი – 577 96 47 48.