“თავისუფალი დემოკრატები” კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
“თავისუფალი დემოკრატები” ამაოდ შეეცადა გამოსავალი მოენახა შექმნილი ვითარებიდან, რის გამოც ტოვებს “ქართული ოცნების” რიგებს – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატების” მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პარტიის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატები” აგრძელებს დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელებას.
“თავისუფლება, დემოკრატია და თანასწორობა “თავისუფალი დემოკრატებისთვის” ფუნდამენტური ღირებულებებია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების – თავდაცვის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მიმდინარეობდა ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებებით გაჯერებული მიზანმიმართული კამპანია. ამგვარმა დესტრუქციულმა ქმედებებმა, განუზომელი ზიანი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, თავდაცვის უწყებას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესს ეწირებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან პატიმრობაში. ჩვენ, ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით პრინციპულები, რომ ბოლომდე იქნას გამოძიებული ყველა საქმე და გაირკვეს სიმართლე, მაგრამ პროცესი უნდა მიმდინარეობდეს აბსოლუტურად გამჭირვალედ, ცივილიზებულად და არა ისე, როგორც ამას აკეთებს მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსანთა ერთი ჯგუფი. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი წარმოჩნდა ერთი უწყების – პროკურატურის – მხარედ. ჩვენ მცდელობა არ დავაკელით, რომ ერთობლივად გამოგვენახა ამ ვითარებიდან გამოსავალი, მაგრამ ამაოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ კოალიცია “ქართული ოცნების” რიგებს, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელები და ყველა ბრძოლის ავანგარდში ვიყავით. “თავისუფალი დემოკრატები” ვაგრძელებთ დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელებას და იმ ღირებულებების ერთგულებას, რაც დეკლარირებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ძალის დაფუძნების დღიდან. “თავისუფალი დემოკრატები” ვიქნებით საქართველოს ყველა მოქალაქის მაკონსოლიდირებელი ძალა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლების, ღირსების, ისტორიის და სამშობლოს იდეალებისათვის სამსახური”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში.