„სანამ ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში, საქართველოში დემოკრატიის შანსი არ არსებობდა“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მინისტრმა შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული უწოდა იმ განცხადებებს, რომ აღნიშნული პროცესების გამო საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების სურვილს საფრთხე ემუქრება.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ის პოლიტიკა, რაც ტარდება ამ 2 წლის განმავლობაში საქართველოში, არის კოალიცია „ქართული ოცნების“, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ორი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკა.
„მთელი დღის განმავლობაში ვისმენ პროვოკაციულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს და არ შემეძლო, პასუხი არ გამეცა ზოგიერთი მათგანისთვის. ვისმენთ განცხადებებს საქართველოს ევროპულ არჩევანთან და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მე მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი გუნდის, რომელიმე ერთი მინისტრის, რომელიმე ერთი პიროვნების არჩევანი. ეს არის არჩევანი, რომლისთვისაც ვიბრძოდით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ვიბრძოდით ბოლო 20-30 წლის განმავლობაში და ვიბრძვით დღესაც. ის პოლიტიკა, რაც ტარდება ამ 2 წლის განმავლობაში საქართველოში, ეს არის კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, ეს არის საქართველოს ორი პრემიერ-მინისტრის – ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკა. ამ პოლიტიკას ვატარებდით თითოეული ჩვენგანი. ეს არ არის რომელიმე ერთი ცალკე აღებული მინისტრის პოლიტიკა და უბრალოდ შეურაცხმყოფელია, არაცივილიზებულია, არადასავლური და არადემოკრატიული სტილია, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს იმაზე, თითქოს თავად არის ევროპული არჩევანის მომხრე და სხვა ყველა სადღაც სხვაგან მიდის. ეს ფაქტი მიუთითებს იმ ადამიანების არაკულტურულობაზე, რომლებიც ამ განცხადებებს აკეთებენ.
მეორე, რას ნიშნავს, მკაფიოდ რომ განვსაზღვროთ საქართველოს ევროპული არჩევანი. ევროპული არჩევანი ეს არის არჩევანი, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატია, რომ ჩვენ გვინდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელსაც შედეგად მოყვება უსაფრთხოება, რომელსაც მოყვება კეთილდღეობა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს. ეს არის ის, რაც ქვეყანაში დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა. ძალიან კარგად გვახსოვს, სანამ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში, 2011 წელს, საქართველოში დემოკრატიის შანსი არ არსებობდა. პოლიტიკური ველი ისე იყო მოსუფთავებული, რომ საქართველოში არ არსებობდა შანსი ყოფილიყო პოლიტიკა, არ არსებობდა შანსი, რომ ვინმეს გაემარჯვა. ეს შექმნა ბიძინა ივანიშვილმა იმ კოალიციასთან ერთად, იმ გუნდთან ერთად, რომელიც მასთან ერთად მოვედით და ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი გზა, რომელსაც განუხრელად განვახორციელებთ“,-განაცხადა სუბარმა.
სუბარის აზრით, გამოძიებასთან დაპირისპირება და მისთვის პასუხების არ გაცემა, დემოკრატი და ევროპული არჩევანი არ არის.
მისვე თქმით, სასამართლო საქართველოში ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღეს არის არ ყოფილა.
ასევე, მინდა მკაფიოდ ვთქვა ერთი რამ, როდესაც ვლაპარაკობთ გამოძიებაზე, მის ინტერესებზე, გამოძიებასთან დაპირისპირება და მისთვის პასუხების არ გაცემა, ესეც არ არის დემოკრატია, არ არის ევროპული არჩევანი. ევროპა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს სწორედ იმას, რომ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას. მე პირადად გეტყვით იმას, რომ მე და ჩემს პირველ მოადგილეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, არაერთი ჩვენება გვაქვს მიცემული იმ საქმეებზე, რომლებზეც უფლება გვაქვს, არ მივცეთ ჩვენება, როგორც სახალხო დამცველს და მის წარმომადგენელს, იმ ადამიანის უფლებათა მასშტაბურ დარღვევებზე, რომლებიც ხდებოდა წლების განმავლობაში სააკაშვილის პერიოდში. ეს არის სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომა, და არა ის, რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ვიღაცის უდანაშაულობაში და ამიტომაც ვაკეთებ პროვოკაციულ განცხადებებს. ისინი დამნაშავეები არიან თუ არ არიან, ამას დაადგენს გამოძიება, ამას დაადგენს სასამართლო. სასამართლო საქართველოში ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღეს არის, არ ყოფილა არც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არც მანამდე მრავალი ასწლეულის განმავლობაში და ამას, მე მგონი, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები