პრეზიდენტი ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა ვენაში ბოლო შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტთან კარლჰეინც კოპფთან გამართა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ავსტრიის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის თაობაზე ისაუბრეს და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.
კარლჰეინც კოპფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქტიურად არის ჩაბმული ამ პროცესში, რათა ავსტრიის ეროვნულმა საბჭომ შეთანხმების რატიფიცირება მაქსიმალურად სწრაფად მოახდინოს. საუბარი ასევე შეეხო არაღიარების პოლიტიკასაც.
კარლჰეინც კოპფმა კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
მხარეებმა ყურადღება რეგიონის მასშტაბით საქართველოს როლზე, ასევე ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციასა და იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს.
“ეს იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა – შეხვედრა მეგობრებს შორის. თქვენ იცით, საქართველოში რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდი და შესაძლებლობა მქონდა მენახა თქვენი პარლამენტი და შევხვედროდი პარლამენტის წევრებს. ეს იყო ურთიერთობის გაგრძელების კარგი შესაძლებლობა.
ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ. ძირითადი თემა საქართველო-ავსტრიას შორის ურთიერთობა იყო, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ საქართველოს განვითარების საკითხი და ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ურთიერთობის გაძლიერებისათვის. საქართველო არის დასავლურ-ევროპული კულტურისა და წარსულის მქონე ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობის გასაღრმავებლად შეგვიძლია გადავდგათ ორივე მხარის სასარგებლოდ. ვფიქრობ, ეს ყველასათვის სასარგებლო იქნება – ავსტრიისთვის, ევროპიისა და საქართველოსათვის. ასე რომ, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხზე”, – განაცხადა კარლჰეინც კოპფმა.|
ქართული მხრიდან შეხვედრას საქართვლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ესწრებოდნენ.