გია ცაგარეიშვილი: ივანიშვილსაც ისეთი შეხედულებები აქვს, როგორიც ღარიბაშვილს
პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბრალდებები ისმოდა და შეხვედრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გია ცაგარეიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ისევ ბრალდებები ისმოდა, თანაც პირდაპირი განაცხადი, რომ ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინეს, არიან კრიმინალები. მე ვფიქრობ, ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დავიცვათ, დაველოდოთ სასამართლოს, გამოძიებას არავინ არ ემალება. ალასანიას და ჩვენი უპირობო მოთხოვნაა, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა, რომელმაც კოალიციის რიგები დატოვა.
ცაგარეიშვილმა ისიც დაადასტურა, რომ სხდომას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვა მოითხოვა და ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრების ანალოგიური შეხედულებები დააფიქსირა.
„სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. მან სიტყვა მოითხოვა და მისი შეხედულებები პრემიერის შეხედულებების ანალოგიური იყო“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.