„ბოლოდროინდელ მოვლენებს საქართველო ქართული მაიდნისკენ მიჰყავს“
„პოლიტიკური ჩიხიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია“, – აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, თუ გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ეს ყველა ცეცხლს ჩააქრობს და ყველა პოლიტიკური ძალა გადავა საარჩევნო რელსებზე.
ჯონდი ბათაღურიამ იმედი გამოთქვა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალური მოძრაობის“ „ბანდასთან“ არ ითანამშრომლებს. ბაღათურიამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინის მოვლენებს შორის პარალელი გაავლო, მისი თქმით, ალასანიამ კოალიციის მეორე ნაწილს ევროპისკენ სვლიდან გადახვევაში და ნატოს ღალატში დასდო ბრალი. გარდა ამისა, ბაღათურიამ პარალელი საქართველოს ხელისუფლებასა და იანუკოვიჩის ხელისუფლებებს შორისაც გაავლო. მანვე გამოთქვა ეჭვი, რომ დღევანდელ მოვლენებს საქართველო ქართული მაიდნისკენ მიჰყავს.
„ იმედს ვიტოვებ, რომ „თავისუფალი-დემოკრატები“ „ნაციონალური მოძრაობის“ ბანდასთან ალიანსში არ შევლენ. შეიძლება ემოციის ბრალი იყო, მაგრამ ალასანიამ გუშინ არ გამორიცხა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ქართული მაიდნისკენ მიდის. ასეთია ნიადაგიც. ალასანიამ კოალიციის მეორე ნაწილს ევროპისკენ სვლიდან გადახვევაში და ნატოს ღალატში დასდო ბრალი. ეს ხელისუფლება იანუკოვიჩს, სხვათა შორის, ორი მომენტით ჰგავს, ერთი იმით, რომ ჩამოუყალიბებელია და ორ სკამზე ზის, ვერ გაერკვია, ევროპა და ნატო სჭირდება დღეს სახელმწიფო ინტერესებს თუ ნეიტრალური დაბალანსებული პოლიტიკა. ამიტომ ევროპელებთანაც არიან და აბსურდულ განცხადებებს ვისმენთ ელჩებისას იმაზე, რომ აქ „ბოევიკების“ საწვრთნელი ბაზები და ტერორისტებისთვის „პრახადნოი დვორი“ უნდა მოვაწყოთ. იანუკოვიჩს ამით ივანიშვილი-ღარიბაშვილი ჰგვანან. ამ ხელისუფლების დიდი ნაწილი კიდევ „საშოვარზე გადაგებული ხალხია“, ამითაც ისინი იანუკოვიჩის გუნდს ჰგვანან“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მინისტრთა კაბინეტის ორმა წევრმა: ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობები დატოვეს.