“სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად” – პატ პატელი

“სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად. ასევე, სინგაპურის მსგავსად, ჩვენ ვიზიდავთ ბიზნეს წრეებს, ტალანტებსა და ტექნოლოგიებს, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაფუძნდნენ ახალ ადგილას და გაფართოვდნენ მთელს რეგიონში”, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ამერიკის კონტინენტებზე და შუა დერეფნის რეგიონში GFTN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პატ პატელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის ფარგლებში, მთავარი განსახილველი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები იყო.

„რამდენიმე წლის წინ დავამყარეთ პარტნიორობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით განგვეხორციელებინა „თბილისის ფინანსური სამიტი“. ყოველივე ამის მიზანია, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს დიდი ინოვაციების და ნიჭის ამბავი, რასაც საქართველოში ვხედავთ. ჩვენი მიზანია შუა დერეფანზე ყურადღების გამახვილება, რადგან ბევრ მსგავსებას ვხედავთ საქართველოსა და სინგაპურს შორის. ესენია: მოსახლეობის მცირე რიცხოვნობა, თუმცა დიდი მიზნები. ეს ორი ქვეყანა დიდ რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან და სწორედ აქ იბადება შესაძლებლობათა მთელი სპექტრი. სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად. ასევე, სინგაპურის მსგავსად, ჩვენ ვიზიდავთ ბიზნეს წრეებს, ტალანტებსა და ტექნოლოგიებს, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაფუძნდნენ ახალ ადგილას და გაფართოვდნენ მთელს რეგიონში. სწორედ ამას ვხედავთ საქართველოში. ჩვენი პროგრამით შემდეგი ღონისძიება ოქტომბერში გაიმართება და ყველას ვიწვევთ რეგიონიდან და საქართველოდან „თბილისის ფინანსურ სამიტზე“, – განაცხადა პატ პატელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები