საფრანგეთში საჯარო მოხელეები ნარკოტესტის გავლის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს

Screenshot

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ რამდენიმე თანამდებობის პირი, რომლებსაც ნარკოტესტზე დადებითი შედეგები დაუდასტურდათ, სამსახურიდან გაათავისუფლა.

„დიახ, ნარკოლოგიური ტესტების დადებითი პასუხის შემდეგ“, – განაცხადა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი საჯარო მოხელე გათავისუფლდა თანამდებობიდან ან რომელი დეპარტამენტებიდან.

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ თანამდებობის პირების ნარკოტესტირება გაგრძელდება და იმედი გამოთქვა, რომ შემდეგი პრემიერ-მინისტრიც ამ საკითხს კონტროლს გაუწევს.

მან განმარტა, რომ ტესტირების ჩატარება მაგალითის მისაცემად და სამთავრობო უწყებების „დაუცველობის“ გამო გადაწყვიტა.

„სამინისტროს აპარატის წევრებს და მაღალი თანამდებობის პირების უმეტესობას აქვს წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. ნარკოტიკების მოხმარება დაუცველობას ნიშნავს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

გაზეთმა „Le Parisien“-მა პირველად ივნისის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა ინფორმაცია სამთავრობო უწყებების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ნარკოტესტირების შესახებ.

გაზეთის ცნობით, ლეკორნუმ მინისტრებს დაავალა, რომ თავიანთი დეპარტამენტების თანამშრომლებს შორის წინასწარი გამოუცხადებელი ნარკოტესტირება ჩაეტარებინათ, მაშინ როცა ასეთი ტესტები თვის დასაწყისში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში უკვე ჩატარდა.

სამინისტროების გარდა, ტესტი მინისტრთა საბჭოს მიერ დანიშნულმა ყველა თანამდებობის პირმაც უნდა ჩაიტაროს. თუმცა, მთავრობამ განაცხადა, რომ თანამდებობის პირების პირადი ცხოვრების დაცვის მოტივით შედეგებს არ გამოაქვეყნებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები