ქალაქ კასპისა და სოფლების – იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში – იგოეთსა და მრგვალ ჭალაში წყალმომარაგების ახალ ინფრასტრუქტურას აშენებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – გიორგი კობერიძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა – ბესიკ ჯიქურაულმა ადგილზე მოინახულეს და სამშენებლო პროცესს გაეცნენ.
“ამ ეტაპზე, ქალაქ კასპში 1 800 ოჯახი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი წყალმომარაგებით პირველად სარგებლობს. პროექტის დასრულებამდე ქალაქის დანარჩენი მოსახლეობა სტაბილურ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან უწყვეტი წყალმომარაგებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების – იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობაც ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში სამუშაოები განხორციელდა ქალაქ გორშიც, კერძოდ, ვერხვებისა და ელექტროფიკაციის დასახლებებში, სადაც მოეწყო ახალი ცენტრალური მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების სისტემა. შედეგად, დასახლებების მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 31 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქ კასპსა და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 7 000-მდე ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.