„ალასანიამ, ყოველი შემთხვევისთვის, პოლიტიკური დევნილის მანტია გაიმზადა“
„ ირაკლი ალასანიამ, რომელმაც გადაწყვიტა რა, გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადება, ამით პოლიტიკური დევნილის მანტია გაიმზადა“, – აღნიშნული განცხადება, „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ტენდერების გამოძიებამ საქმე უწყების აწ უკვე ყოფილი თანამდებობის პირის კარამდე მიიყვანოს.
„ ირაკლი ალასანიას არ გაუკეთებია არც ერთი სამართლებრივი ხასიათის შეფასება. მისი პირველივე განცხადება იყო პოლიტიკური და გვირგვინიც იყო პოლიტიკური. არის წმინდა წყლის სამართლებრივი თემატიკა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, საქმე ეხება კორუფციულ გარიგებათა მთელ სერიას, რომელიც ამ ტენდერების ჩატარებასთან არის დაკავშირებული. ღარიბაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა კიდეც, რომ ტენდერებში და შესყიდვებში დიდი ალბათობით ირაკლი ალასანიას მეგობრები იმარჯვებდნენ. სწორედ ამიტომ აღნიშნა ალასანიამ მოგვიანებით, რომ პრემიერი იყო პროკურორი. მე გუშინ დავინახე საკმაოდ შეშინებული ალასანია, რომელმაც გადაწყვიტა რა, გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადება, ამით მან, ყოველი შემთხვევისთვის, პოლიტიკური დევნილის მანტია გაიმზადა. არ არის გამორიცხული, ხვალ და ზეგ ჩვენ დავდგეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ ტენდერების გამოძიებამ შესაძლოა, მიგვიყვანოს უწყების აწ უკვე ყოფილი თანამდებობის პირის კარამდე“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მინისტრთა კაბინეტის ორმა წევრმა: ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობები დატოვეს.