მაია ფანჯიკიძემ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებაც“ დატოვა
მაია ფანჯიკიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობასთან ერთად, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებაც“ დატოვა. მან მისი მინისტრობისას მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ამასთან, აღნიშნა, რომ მისი თანამდებობის დატოვებით ყველაფერი ნათქვამია და კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს.
„გადავწყვიტეთ, დავტოვოთ დაკავებული თანამდებობა. მე ასევე ვტოვებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ რიგებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ორი წლის განმავლობაში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე შესაძლებლის მაქსიმუმს მიაღწია. ჩვენ მტკიცედ ვიდექით ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობების დასაცავად. მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, შევქმენით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვისობრივად ახალი შესაძლებლობები. ხელი მოეწერა და ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან თანამშრომლობის პაკეტის შემუშავების შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა არაღიარებული პოლიტკის მიმართულებით და ორი სახელმწიფოთი შევამცირეთ აღიარებათა რიცხვი, გაიზარდა გაეროში რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა“ , – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტების კითხვებს აღარ უპასუხა და განაცხადა – ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს.