დიმიტრი ლორთქიფანიძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აანონსებს

„დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აანონსებს.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საქართველოს პარლამენტში იქმნება ახალი კონფიგურაცია, რომელიც ახალი უმრავლესობის შექმნას უზრუნველყოფს, ხოლო მაშინ, თუკი ალექსი პეტრიაშვილის და ფანჯიკიძის მსგავსად, თანამდებობას დატოვებენ სხვა მინისტრებიც და მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედი გადამდგარი, ან გადაყენებული აღმოჩნდება, პრეზიდენტს ახალი პრემიერ- მინისტრის დანიშვნა მოუწევს.
„შეიძლება ძალიან მალე განხორციელდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის კონფიგურაცია რომელიც იქმნება საქართველოს პარლამენტში. თუ დღეს ალასანიას გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კოალიცია დატოვოს, უმრავლესობა იშლება და გუშინდელ განცხადებას თუ გავიხსენებთ, ალასანია ერთ მუშტად შეკვრას მოუწოდებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი იდეოლოგიური მრწამსით არის პროდასავლური. მან გუშინვე გადალახა ის სტიგმა, რომელიც არ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას, რაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ შეიძლება საქართველოს პარლამენტში განვითარდეს მოვლენები იმგვარად, რომ ძალიან მალე მივიღოთ ახალი უმრავლესობა. ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბებას სჭირდება დეპუტატების რაოდენობა. თუ წარმოვიდგენთ, რომ „რესპუბლიკელები“ და ალასანიას გუნდი ჯამში ქმნის 19 დეპუტატს, „ნაციონალურ მოძრაობას“ დასჭირდება 6 დეპუტატის მომხრობა იმისთვის, რომ შექმნას ახალი უმრავლესობა. იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედი იქნება გადაყენებული, ან გადამდგარი, ქმნის იმის პირობას, რომ დღის წესრიგში დადგეს ახალი პრემიერის კანდიდატურის დასახელება პრეზიდენტის მხრიდან. იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ 15 ნოემბრის ფაქტის გათვალისწინებით ამას შეიძლება მძიმე ესკალაცია მოჰყვეს და მოვლენებმა შეიძლება გადაინაცვლოს ქუჩაში“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მინისტრთა კაბინეტის ორმა წევრმა: ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები