პრემიერმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძე წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მინდია ჯანელიძე წარადგინა, – ამის შესახებ პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თანამდებობამდე, მინდია ჯანელიძე კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობდა.
მინდია ჯანელიძე დაიბადა 1978 წელს თბილისში. პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის კონტრდაზვერვის ფაკულტეტი. დამატებითი განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში. 2000-დან 2012 წლამდე მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც კარიერა დაიწყო ოპერატიული თანამშრომლის პოზიციიდან. 2012 წლიდან 2014 წლის დასაწყისამდე ხელმძღვანელობდა შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. 2013 წლის იანვარში დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად. მინდია ჯანელიძე სამხედრო წოდებით არის პოლკოვნიკი, მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო. ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.