გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 110 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 711 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 235 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს. 110 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

2026 წლის 6 თვეში დალუქულია 36 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 222 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 174, კახეთში – 172, იმერეთში – 124, სამცხე-ჯავახეთში – 66, ქვემო ქართლში – 48, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 39, გურიაშიც – 39, შიდა ქართლში – 32, მცხეთა-მთიანეთში კი – 25.

5 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც – გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 6 თვეში გამოავლინეს 2 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები