“წინა წლებში ევროპარლამენტარები ასე არ ლაპარაკობდნენ ჩვენთან” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
„წინა წლებში ევროპარლამენტარები ასე არ ლაპარაკობდნენ ჩვენთან. მაგალითად, იანოშ ჰერმანი ძალიან მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩეოდა სხვებისგან განსხვავებით”, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ჰერმანის დროს ძალიან ბევრი კარგი საქმეები გაკეთდა ევროპასთან მიმართებით.
“არაერთხელ უთქვამს ოფიციალურ თუ კერძო შეხვედრებში, რომ ევროკავშირი არის სხვადასხვა ქვეყნების კულტურული გაერთიანებაც და საქართველო თავისი კულტურით და ტრადიციებით კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებდა და არ იქნებოდა არანაირი მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომ საქართველოს დაეთმო თავისი ტრადიციები და ქრისტიანული ფასეულობები.
ეს ადამიანი არაფორმალურ გარემოშიც გვსტუმრობდა სასულიერო პირებს და თავისუფლად ვლაპარაკობდით და ბევრ რამეში ემთხვეოდა ჩვენი შეხედულებები. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, იმ დროს საპატრიარქოს რამდენიმე განცხადება იყო, რომ საპატრიარქო მიესალმება პოლიტიკას ევროსტრუქტურებში გაერთიანებაში, მათ შორის პატრიარქის განცხადებაც არსებობდა ამაზე. თუმცა, ყველა ეს განცხადება იყო დათქმით, რომ ქართული ტრადიციული ფასეულობები, ქრისტიანული ღირებულებები იქნებოდა შენარჩუნებული“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.