ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება. მან ასევე დეტალურად ისაუბრა დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლეთ. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ სხვადასხვა საარჩევნო პროცედურაზე, ასევე ვაჩვენეთ ტექნოლოგიური პროცესი. შეხვედრაზე დაისვა ძალიან ბევრი კითხვა და მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება ახალგაზრდებს ვუპასუხეთ ყველა იმ კითხვაზე, რაც მათთვის საინტერესოა. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები მომავალში იყვნენ კარგად ინფორმირებული ამომრჩევლები“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიას დაეთმო. გიორგი შარაბიძემ ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. სტუდენტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საოპერაციო სასაწყობო სივრცეც დაათვალიერეს. მათ პრაქტიკაში გამოსცადეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.
აღნიშნული შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ახალგაზრდების ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმომადგენს. ამ მიზნით ცესკო წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. საარჩევნო ადმინისტრაციასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი 2025 წელს გაფორმდა.