ლევან რატიანი – გორში მომხდარში დაზარალებულზე: ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

“პაპუნა ლოცულაშვილს ყველა კვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგად კეროვანი დაზიანება არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ნევროლოგიური დარღვევა არ უვლინდება”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გორში მომხდარში დაზარალებულზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა ჩაუტარდა.

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. იმყოფებოდა მერვე განყოფილებაში. ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, რომელიც მოიცავდა თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას. კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას ასევე ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, იყო ყველა დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია. დღეს შედგა ნევროლოგების კონსილიუმი. პაციენტს ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ნევროლოგიური დარღვევა არ უვლინდება. პაციენტს შეთავაზებული აქვს მონიტორიგნის მიზნით დაკვირვება, იმყოფება ნევროლოგიურ დეპარტამენტში. პაციენტი აღნიშნავს, რომ ჰქონდა გონების კარგვის და გულისრევის შეგრძნება. კლინიკაში ამ წუთამდე გულისრევა არ ჰქონია, მაგრამ რადგანაც არის ასეთი მდგომარეობა, მონიტორინგზე იმყოფება. ამჟამინდელი კლინიკური მდგომარეობა თუ გაგრძელდა, ჩივილი არ დაფიქსირდა, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე რეკომენდაციით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები