„ITB China საქართველოსთვის ძალიან მასშტაბური გამოფენა და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის“-ნატალია ჩანადირი
შანხაიში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 30-მდე ქართული კომპანია იყო წარდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ქართულმა კერძო სექტორმა ათასზე მეტი შეხვედრა გამართა უცხოელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.
„ITB China საქართველოსთვის ძალიან მასშტაბური გამოფენა და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის. საქართველო საამაყოდ არის წარმოჩენილი ქორეოგრაფიითა და ფოლკლორით. მესამე წელია ჩინეთში ჩამოვდივარ და ვხედავ, როგორ იზრდება საქართველოს შესახებ ცნობადობა. ეს ყოველდღიური შრომის, წვალებისა და მარკეტინგული კამპანიების დამსახურებაა. 15 ივლისიდან იწყება პირდაპირი ფრენები შანხაი-თბილისის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადებს საქართველოში“,-აღნიშნავს ნატალია ჩანადირი.
ITB China-ზე 3 დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაციები და შეხვედრები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.