რუსეთი უკრაინის დედაქალაქ კიევში სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ მასირებული დარტყმების განხორციელებას აანონსებს.
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს უკრაინის მიერ რუსეთის რეგიონებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხია.
მედიის თანახმად, ვინაიდან აღნიშნული სამხედრო და ადმინისტრაციული ობიექტები მთელ კიევშია გადანაწილებული, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა. უწყება მოუწოდებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინის დედაქალაქი.
ბოლო დღეებში რუსეთის არმიამ კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინული მხარის ცნობით, შეტევის დროს გამოყენებული იყო ასობით უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტებიც.