პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი დააკავა, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე პატიმრობაში იმყოფება სხვა საქმეებზე, სამი პირის დაკავება დღეს მოხდა

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. უფრო კონკრეტულად: ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დავაკავეთ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი ადამიანი.

პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კადრები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით, განვაგრძობთ გამოძიებას როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები