მაია ფანჯიკიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

   ქ. ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე, ევროპარლამენტართა წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სიტყვით პირველად გამოვიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავის გამოსვლაში მინისტრმა, ძირითადად, ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტებზე, შემდგომ გეგმებსა და მიზნებზე, ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე მზაობას, ხელი შეუწყოს საერთო ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას და მეტი ინტენსივობით გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების პროცესი, ევროინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად. ამ მიმართულებით, მან ევროპარლამენტარებს მოკლედ გააცნო ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კონტექსტში, მათ შორის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვის, ბიზნესის ხელშეწყობის, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით. მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ევროკავშირის როლის მნიშვნელობას ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები