პრემიერი: საქართველო მზად არის იყოს რეგიონული ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვენჩაი ჟანგს შეხვდა.
პრემიერმა აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა თბილისში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ორგანიზებისთვის, რომლის ფარგლებში 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნო.
ფორუმის მონაწილე ბიზნესმენები კონკრეტული საინვესტიციო პროექტებითაც დაინტერესდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა და იყოს რეგიონული ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ზრდის საქართველოს მიმზიდველობას და ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ბიზნესისთვის. საუბარი ასევე შეეხო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას გზების, მუნიციპალური, ურბანული, წყლისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით. “ძალიან შთამბეჭდავად ხორციელდება ის პროექტები, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორისაა – სესხის გაცემის პოლიტიკა რესურსების მობილიზაციისთვის, კაპიტალური ბაზრის განვითარება და საპენსიო რეფორმა, საჯარო ფინანსები, გზები, წყალმომარაგება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქეითი ჯულიანი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი უიფინგ ჰუანგი, აზიის განვითარების ბანკის ეკონომისტი ლიცა ვავაკისი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები