სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე“ პრემიერა გაიმართა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღის“, საავტორო სპექტაკლის – „მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო, – ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგმა ალეგორიული ნარატივის მეშვეობით გვიყვება ადამიანობაზე, თანაარსებობას და განსხვავებულობის მიღებაზე. სიუჟეტის მიხედვით, დედამიწელები შემთხვევითი ექსპერიმენტის შედეგად ხვდებიან უცნობ პლანეტაზე, სადაც მისი ბინადრები ჰარმონიაში ცხოვრობენ და ყოველი დღე დღესასწაულია.

„პრემიერას ასევე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სპექტაკლში აფხაზეთის ა/რ პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ და საქართველოს სხვადასხვა თეატრის დამსახურებული მსახიობები მონაწილეობდნენ. სპექტაკლის იდეის ავტორი და რეჟისორია ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი.

საპრემიერო ჩვენების ბოლოს გიორგი ძაძამიამ დასის წევრებს წარმატებული პრემიერა მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც სხვა საინტერესო იდეების განხორციელებაშიც შეუწყობს ხელს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები