„ეკო აკადემიაში“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თემაზე ტრენინგი ჩატარდა
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასთან“ არსებული „ეკო აკადემიის“ ფარგლებში ტრენინგი გაიმართა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების წარმომქმნელებისა და თემით დაინტერესებული სხვა პირებისთვის ჩატარდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას “ეკო აკადემია” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრენინგი დაეთმო მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) და მის პრაქტიკულ ასპექტებს. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სპეციფიკური ნარჩენების ელექტრონული სისტემის მუშაობის პრინციპებზე, მგვ-ს საკანონმდებლო ჩარჩოზე, მათ შორის კომპეტენციებზე, უფლება-მოვალეობებსა და კონტროლის მექანიზმებზე.
“ასევე, განიხილეს მგვ ორგანიზაციების საკანონმდებლო ვალდებულებები და მათი აღსრულების პრაქტიკა, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელებისთვის მოქმედი რეგულაციები.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და აქტიური დისკუსიით გამოირჩეოდა. მონაწილეებმა დასვეს მნიშვნელოვანი და აქტუალური შეკითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
როგორც შეხვედრის დასასრულს „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, „ეკო აკადემია“ მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტრენინგების ჩატარებას, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებას ემსახურება”,- წერია ინფორმაციაში.