ამალია ჯიბლაძე: ანრის საქციელით გაოცებული ვარ და მადლობას ვუხდი
სახალხო აღიარებიდან მესამე დღეს ამალია ჯიბლაძე დღეს კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეჭვი გამოთქვა, რომ „ნიჭიერის“ პირველი შოუს ფავორიტი ფონოგრამაზე მღეროდა, ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებდა.
ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა, მათ შორის ანრი ჯოხაძემ “ნიჭიერის” კონკურსანტი გააკრიტიკეს და წუხილი გამოთქვეს იმის, გამო რომ ამალია ჯიბლაძემ ხალხი მოატყუა. მოგვიანებით, ანრი ჯოხაძე ამალიასთან ვარდების თაიგულით მივიდა და ბოდიში მოიხადა.
„ნიჭიერის“ მონაწილე ანრი ჯოხაძის მობოდიშების შემდეგ პირველ კომენტარს „კვირასთან“ აკეთებს. როგორც თავად ამბობს, ჯოხაძის საქციელით გაოცებული და გაკვირვებულია.
“ანრის საქციელით, რა თქმა უნდა, გაოცებული ვარ და დიდ მადლობას ვუხდი მეც, რომ ასე კარგად მოიქცა. ანრის საპატიებელი არაფერი აქვს, რადგან ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ უპატიებელი ყოფილიყო, პირიქით მისი საქციელი გამიკვირდა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს. რა გითხრათ დღევანდელზე, მტრები ყველას ჰყავს. თუ გადავედი შემდეგ ტურში, ყველას კიდევ ერთხელ დავუმტკიცებ, რომ მე ცოცხლად ვიმღერე “, – განაცხადა „კვირასთან“ ამალია ჯიბლაძემ.
მარიამ ლომინაძე