“ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს” – ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ალიევმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს სულიერი ლიდერის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოუცხადა როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე ქართულ საზოგადოებასა და მართლმადიდებელ მრევლს.
“მისმა უწმინდესობამ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების გზაზე გაწეული ღვაწლისთვის, მისმა უწმინდესობამ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.
ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში.
ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ ტკივილს, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.