პრემიერს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებული ცვლილელების ანგარიში წარუდგინეს
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო უწყებათშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნები განიხილეს.
ხელისუფლების სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებული ცვლილებების ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინეს.
სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია. მხარეებმა არსებული პრობლემების ეფექტიანი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.როგორც აღინიშნა, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ამოცანებში, არც ერთი შეუსრულებელი საქმიანობა არ ფიგურირებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის შესრულების სპეციალური პირველადი ანგარიში უახლოეს მომავალში გახდება საჯარო.
ასევე, სამდივნო მუშაობს სპეციალურ დავალებათა პაკეტზე, რომელიც დაეგზავნება ყველა უწყებას და მასში დეტალურად იქნება გაწერილი სამოქმედო გეგმის დროული და ხარისხიანი შესრულებისთვის საჭირო აქტივობები. ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს პირველ სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სხდომის დაწყებამდე პრემიერ–მინისტრმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სოფო ჯაფარიძე წარადგინა.