საქართველო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგება
„საქართველო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამომცემლობა „არტანუჯის“ მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ გააკეთა.
კვარაცხელიას განცხადებით, ქვეყნისთვის დიდი პატივია ფრანფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, თუმცა, მისივე თქმით, ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას ხელს უშლის ის გათიშულობა, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გამომცემლობებს შორის არსებობს.
„ 2014 წლის თებერვალში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც საქართველოს მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ 2018 წელს განსაკუთრებულად წარდგება ფრანკფურტის საერთაშორისო ბაზრობაზე. 2014 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იუნგერ ბოსი. მან ხაზგასმით აღნიშნა, იმისთვის რომ საქართველო ღირსეულად წარდგეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, აუცილებელია საგამომცემლო სექტორის გაძლიერება. უნდა არსებობდნენ დამოუკიდებელი, მატერიალურად ძლიერი გამომცემლობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ იმ პროცესს, რომ ქართული ლიტერატურა დანარჩენმა მსოფლიომ გაიცნოს. ამ დროს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირდაპირ ებრძვის და არღვევეს გამომცემლების უფლებებს, არ ცნობს კერძო საკუთრებას და დიალოგში არ შედის გამომცემლებთან. გამომცემელთა უგულებელყოფით გამომცემლობები დასუსტდებიან და საქართველო ღირსეულად ვერ წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე“,- განაცხადა ზვიად კვარაცხელიამ.