შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება, ეს ორი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ​​ევროკავშირს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც ორი მარტივი ჭეშმარიტება თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ორი ჭეშმარიტება ევროკავშირის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ წარმოთქვა.

„მადლობა გვეთქმის ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციისთვის. მათ დაასახელეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი. პირველი – განცხადება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც ეს მარტივი ჭეშმარიტება თქვა. მეორე – ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი. ეს კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა. ეს მარტივი თეზისები შეხვედრებზე რამდენჯერმე გაიმეორეს და კიდევ უფრო მეტიც ითქვა. ეს ორი უმარტივესი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ევროკავშირის ვერც ერთ წარმომადგენელს.

ქალბატონმა კოსმა სასწაული რაღაცები ილაპარაკა. საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რომელ ქვეყანაზე საუბრობს. ორი მარტივი ჭეშმარიტება ვერ წამოვაცდენინეთ ​ევროკავშირს, მის ელჩს, რომ ძალადობით დამხობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება. რატომ არ ამბობს ამას ევროკავშირის ელჩი? ევროკავშირი? ბრიუსელი? როგორც კი იტყვიან, იმავე მომენტში გამოაცლიან რადიკალურ ოპოზიციას იმ საკვებს, რომელიც თავად მათ მისცეს. გამოაცლიან მათ მიერ პარლამენტის საქმიანობის ბოიკოტის და მანდატების გადაყრის გამართლებას, გამოაცლიან პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობას, რაც მთავარია, მომავალი ძალადობის მათეულ ლეგიტიმაციას. ამიტომაც არ ამბობენ, რომ მომავალ ძალადობას გზას უხსნის ბრიუსელი, ისინი, ვინც არ გმობენ დღევანდელ ძალადობას. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც ევროკავშირთან დაკავშირებით დღეს უნდა ვთქვათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები