შალვა პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან – იმ ხალხისგან, რომლებიც ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, არ გვჭირდება არანაირი მითითება

ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა: ყოფილი მაღალჩინოსნები, სამხედრო ექსპერტები და ოპოზიციური აქტორები ამბობენ, რომ ირანის გაზრდილ გავლენაზე, გაზრდილ ტერორისტულ რისკებზე მათი განცხადებები იქიდან გამომდინარეობს, რომ ხელისუფლებამ დროულად მიიღოს ქმედითი ნაბიჯები ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად. ხედავთ თუ არა გარკვეულ საფუძვლებს ამ განცხადებების უკან?“

„არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება. მით უმეტეს, იმ ადამიანებისგან, რომლებმაც 2022 წლის გაზაფხულზე მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ჩართულიყო უკრაინაში ომში, გაეგზავნა მებრძოლები ხელისუფლების ორგანიზებით. ეს ხალხი ნანახი გვყავს, ზუსტად იგივე სცენარი, რაც 2022 წელს აამოქმედეს საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. იგივე სცენარიც ვნახეთ ახლაც. იგივე სახელები, სახეები, რომლებმაც პირდაპირ სამიზნედ მონიშნეს საქართველო სხვადასხვა ძალებისთვის, რაც მთავარია, ეს თემაც გამოიყენეს იმისთვის, იქნებ რამენაირად შემოეტანათ ქვეყანაში არეულობა, წაეკიდა საქართველო სხვადასხვა ქვეყანასთან, ეიძულებინათ,საქართველო გამოსულიყო განსაკუთრებული პოზიციებით ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენი გამოწვევები არსად წასულა. პირიქით, სულ უფრო იმატებს. კონფლიქტები იზრდება, ფართოვდება, რაოდენობრივად მეტი ხდება და საქართველოში შენარჩუნებულია მშვიდობა და სტაბილურობა. იმ ხალხისგან, რომლებიც ყველანაირად ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, ნამდვილად არ გვჭირდება არანაირი მითითებები.

ასეთი ომები და კონფლიქტები როდესაც არის რეგიონში, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს. სწორედ ამიტომაც აირჩია ხალხმა ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის ქვეყნის მართვაში, რომელსაც აქვს ამ საფრთხეების მართვის უნარი. ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, 2022 კი არა, ახლაც ჩაგვრთავდნენ სხვადასხვა სახის კონფლიქტში. უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან. ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები