საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები და გამოწვევები. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროპელ კოლეგებს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებსა და ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
„ევროპარლამენტარებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. აგრეთვე, შეაფასეს ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსა და საერთაშორისო მოვლენების მიმართ.
შეხვედრებს ესწრებოდა ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გიორგი მიქელაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.