პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმინეს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია სურსათზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასწარმოქმნის მიზეზების შესწავლას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე მცირე და საშუალო საცალო ქსელების ოპერატორებს: „უნივერსამის“, „ზღაპარის“, „გუდვილის“, „აგროჰაბის“ და „ევროპროდუქტის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს.

კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან შეხვედრების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ საცალო ქსელების წარმომადგენლებს მოუსმინოს, რათა ის მიზეზები დადგინდეს, რაც პროდუქციის ფასწარმოქმნის პროცესზე მოქმედებს.

კომისიის სხდომაზე, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა ე.წ.ქეშბექის ნაწილზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მისგან მიღებული თანხები მათ საშუალებას აძლევს პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები დააბალანსონ და ზოგიერთი მათგანი თვითღირებულების ფასად გაყიდონ.

შეხვედრის მონაწილეებმა გაყიდული პროდუქციის გადასახდელ თანხებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ქსელში პროდუქციის შესვლის და შემდგომ მათი გაყიდვის დღე, რადგან ხშირ შემთხვევებში, მწარმოებლები და დისტრიბუტორები თანხების ჩარიცხვის ათვლას პროდუქციის ქსელებში ჩაბარების დღიდან იწყებენ.

საცალო ქსელების ოპერატორებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. სხდომის დასასრულს, კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განხილული თემები შეაჯამა.

„მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია ისეთი ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, რომელიც ფასწარმოქმნის ჯაჭვში – მწარმოებლებიდან და დისტრიბუციიდან საცალო ქსელებამდე, ურთიერთობებს კიდევ უფრო გამჭვირვალეს და კონკურენტულს გახდის. შეხვედრაზე არაერთი საინტერესო მოსაზრება და იდეა მოვისმინეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ცენტრების შექმნის იდეა, რომელიც მცირე მარკეტების მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს ნაკლები დანახარჯებით მიიღონ პროდუქტები. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია გადახდის პირობების მოწესრიგება, რაც სექტორის მონაწილეებს მარკეტინგული პროცესების უფრო ეფექტურად დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა. ‎

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები