“მარტა კოსიმ საკუთარი განწყობა ცოტა ხნის წინ აჩვენა – მან თქვა, რომ მუშაობს იმაზე, თუ როგორ შემოიტანოს შავი ფული კანონის გვერდის ავლით საქართველოში” – შარმანაშვილი
“მარტა კოსიმ საკუთარი განწყობა ცოტა ხნის წინ აჩვენა – მან თქვა, რომ მუშაობს იმაზე, თუ როგორ შემოიტანოს შავი ფული კანონის გვერდის ავლით საქართველოში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
ის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: „კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს“.
“დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა მათ დაიწყეს. მარტა კოსიმ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ თუ გვინდა, საქართველოსთან ურთიერთობა დალაგდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, მათ უნდა ველაპარაკოთო. შემდეგ, რადიკალებმა მარტა კოსი დააბულინგეს და ცოტა ხანში თავისი რიტორიკა შეცვალა და რადიკალურ წარმომადგენლად მოგვევლინა. ის, რომ მის პირველ პოზიციაში მყარი ყოფილიყო, აქამდე ჩვენს შორის ბევრი რამე გაირკვეოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პრინციპული არ აღმოჩნდა. არათუ გადაიხარა, არამედ თქვა, რომ საქართველოში შავი ფული უნდა შევიტანოთო. რაც შეეხება რუსეთს, გაცვდა იმის ძახილი, „საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა“, რუსული კანონი, რუსული, რუსული. ეს გავლენას აღარ ახდენს არც მოსახლეობაზე და არც საერთაშორისო მასშტაბით. როცა სჭირდებათ, რუსეთთან საერთო ენას კარგად ნახულობენ და მათი სავაჭრო ბრუნვაც უფრო მეტია, ვიდრე საქართველოსი“, – განაცხადა შარმანაშვილმა.