თენგიზ შარმანაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას პოზიტიურად ვაფასებ, ბოლო წლებში პირველად მოხდა, როცა საერთაშორისო სტრუქტურა ძალადობის დაგმობაზე საუბრობს
“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას პოზიტიურად ვაფასებ, ბოლო წლებში პირველად მოხდა, როცა საერთაშორისო სტრუქტურა ძალადობის დაგმობაზე საუბრობს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიკალური პარტიები თუ იტყვიან, რომ ძალადობაზე უარს ამბობენ და მზად არიან კონსტიტუციის, კანონის ჩარჩოში მოქცევაზე, მაშინ ამ კანონმდებლობის გადახედვაც შეიძლება.
„მათ განცხადებას მაინც პოზიტიურად ვაფასებ იმის გამო, რომ პირველად მოხდა, როცა საერთაშორისო სტრუქტურა ძალადობის დაგმობაზე საუბრობს, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვიხილეთ. ყოველთვის იმას ვამბობდით, რომ ორგანიზაციები და ადამიანები გულწრფელად თუ გვესაუბრებიან, მაშინ ორივე მხარეს უნდა გაიხედონ. რაიმე თუ აქვთ ჩვენთან სათქმელი, ჩვენ გვითხრან, მაგრამ თვალი არ უნდა დახუჭონ იმ პროცესებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობდა და წახალისებულიც კი იყო. იცით, რომ ევროკავშირის სპიკერი 4 ოქტომბრის აქციას მხარს უჭერდა. ეს ის აქცია იყო, რომელიც დამხობისთვის ემზადებოდა. შემდეგ, ძალადობა ყველამ ნახა, მაგრამ ერთი სიტყვა არ უთქვამთ. ობიექტურად ვინც მოგვიდგება, მათთან დიალოგისთვის მზად ვართ.
რაც შეეხება მათ განცხადებას კანონების თაობაზე, იცით, რომ ეს კანონები წლების განმავლობაში არ გვქონდა. მისი მიღება დავიწყეთ, რადგან ეს იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რასაც ვხედავდით. არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიკალური პარტიები თუ იტყვიან, რომ ძალადობაზე უარს ამბობენ და მზად არიან კონსტიტუციის, კანონის ჩარჩოში მოქცევაზე, მაშინ ამ კანონმდებლობის გადახედვაც შეიძლება. მით უმეტეს, თუ თამაშის წესები დაცული იქნება. ეს კანონები არაფერში გვჭირდებოდა, უბრალოდ, თავი დავიცავით“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.