“არანაირი მტკიცებულება და ფაქტობრივი მოცემულობა არ არსებობს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის მექანიზმებს იყენებს ან სანქციების გვერდის ავლის ადგილს წარმოადგენს” – ქადაგიშვილი

“არანაირი მტკიცებულება და ფაქტობრივი მოცემულობა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის რაიმე მექანიზმებს იყენებს ან სანქციების გვერდის ავლის ადგილს წარმოადგენს”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, სპეკულაციები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ საქართველო დაზიანებულიყო.

“ფაქტობრივად, ირანსა და ყურეში მიმდინარე საომარი მოქმედებებმა ევროპა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დააყენა. ფასები გაიზარდა. ბანალური ჭეშმარიტება ყველასთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველო და სამხრეთი დერეფანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტერია და ალტერნატივაა, რომ აქ მშვიდობას, სტაბილურობას და ნორმალურ ურთიერთობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათ შორის ევროპის ენერგეტიკული, თუ სხვა ტვირთებით მომარაგების უსაფრთხოებისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, ამ რეალობამ ძალიან ბევრს თვალი აუხილა და რეალურ პოლიტიკას დაუბრუნდნენ. იმედია, ასე გააგრძელებენ და რეალურ პოლიტიკას რეალური თვალებით შეხედავენ. რა თქმა უნდა, იმის თქმა არ შეიძლება, რომ ევროკავშირის გარკვეულ წრეებში საქართველოსთან მიმართ დესტრუქციული დამოკიდებულება მთლიანად გაქრა. დიპლომატიური პასპორტების ხანგრძლივი ისტორიაც ამას მიუთითებს. ამის პარალელურად ხედავენ, რომ რეალიზმი მათ მწარე გაკვეთილებს უტარებს. ამიტომ ის, რისთვისაც საქართველოს აქამდე სჯიდნენ და აბუჩად იგდებდნენ კიდეც, რას გადაგვაყოლეთ ამ თქვენს მშვიდობას და სტაბილურობასო, აღმოჩნდა რომ თურმე, ეს მშვიდობა და სტაბილურობა დღეს მათთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილში ნათქვამია: „მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები