„როცა მთელი არაბული სამყარო ჩართულია სამხედრო მოქმედებებში, საქართველოში ქვეყნის მტრები გამოჩნდნენ და მიზანმიმართულად გააკეთეს განცხადებები, რომ აქ თურმე ტერორისტული საფრთხეები არსებობს” – გაბუნია
“ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი პროცესებია – მძიმე, საშიში ომი მიმდინარეობს. საშიშია ის, რომ ამ ომს გაფართოების რისკები აქვს. რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გონიერება, წინდახედულობა და შორსმჭვრეტელობა”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მან სუს-ის განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.
„მაშინ, როცა, პრაქტიკულად, მთელი არაბული სამყარო ჩართულია სამხედრო მოქმედებებში, საქართველოში ეს აგენტები, ქვეყნის მტრები გამოჩნდნენ და მიზანმიმართულად, ორგანიზებულად გააკეთეს განცხადებები, რომ საქართველოში თურმე ტერორისტული საფრთხეები არსებობს. ცდილობენ, ასეთი განცხადებებით ყურადღება მიიპყრონ და საქართველოს სერიოზული საფრთხეები შეუქნან. რატომ გაჩნდა ეს საკითხი დღეს და რატომ წამოწიეს? ეს პრობლემა თუ არსებობდა, აქამდე რატომ არ თქვეს? – ყველაფერი ნათელია. ეს ადამიანები ცდილობენ, ჩვენს ქვეყანას საფრთხე შეუქმნან. ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა ასე ღიად გავლებული წითელი ხაზი მტრობასა და პატრიოტობას შორის. ეს ადამიანები ქვეყანას ყოველდღე მტრობენ. ეპოქა არ მახსოვს, რომ საქართველოს ამდენი აგენტი ჰყოლოდა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.