დავით ქართველიშვილი: 2026 წელს საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არა რაიმე ტიპის რკინისა თუ პლატინის გუმბათი გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან, არამედ გეო-ეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა

რეგიონული და გლობალური კრიზისების მიმართ საქართველოს როლზე ისაუბრა „ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გაგრძელება, რომლის თავი და თავი იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2026 წელს საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არა რაიმე ტიპის რკინისა თუ პლატინის გუმბათი გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან, არამედ გეო-ეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და ოპოზიციისათვის ავადხსენებული სიტყვა – მშვიდობა, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ამ ვითარებაში, ქართველიშვილის თქმით, გადამწყვეტი იქნება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. „დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკაა, როცა ძირითად ფსონს დებენ გადაწყვეტილებები (აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან იქნება ისინი, თუ საკანონმდებლო), რომლებიც ორიენტირებულია ძირძველ ტრადიციებზე, ქრისტიანულ ფესვებზე, მომავალზე ზრუნვაზე, მომავალი თაობის დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, რომელსაც თავს გვახვევენ და ულტიმატუმად გვიყენებენ – ან უარი თქვით თქვენს ეროვნულ ღირებულებებზე, ან თქვენი პერსპექტივები იქნება ბუნდოვანი. ეს არის ულტიმატუმი და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასა და ევროპულ ცივილიზაციასთან. ეს არის იმ ფსევდოფასეულობების თავსმოხვევა, რომელიც უცხოა ჩვენი ქვეყნისათვის.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საბჭოთა კავშირი დაშალა, იყო უნიფიცირება საბჭოთა ადამიანის, რომელშიც გათქვეფილი იქნებოდა ქართველი და რუსი, უზბეკი და ესტონელი. არ შეიძლება უნიფიცირებული ევროპელი შექმნა იმ ევროპული ცივილიზაციის სივრცეში, რომელიც გააერთიანებს პორტუგალიელს და ესტონელს,” – განაცხადა ექსპერტმა.

 

მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ ნიშნავს იზოლაციას. „არავითარი იზოლაცია ეს არ არის. არაერთხელ გაისმა მოსაზრება, რომ საქართველო ორბიტას ჩამოშორდა, რა კონტექსტშიც ჯეი დი ვენსის კავკასიური ვოიაჟი ახსენეს. შეგიძლიათ ნახოთ წელს რამდენი საერთაშორისო ფორუმი უნდა ჩატარდეს თბილისში, ბაქოსა და ერევანში და ყველა დაინახავს, რომ ამ კომპონენტში „ორბიტას ჩამოშორებული” თბილისი უპირობო ლიდერია.

 

ამერიკა, ბრტანეთი, ჩინეთი, ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოში არა მხოლოდ ხმელეთი იყოს უსაფრთხო, არამედ საჰაერო სივრცეც, რომელიც ასევე დივიდენდების მომცემია, იმიტომ, რომ დღეს ბომბების მაგივრად საქართველოს ბიუჯეტში ლარები ცვივა და ამ ყველაფრის არ დანახვა შეუძლებელია. ხომ შეიძლება თქვა, რომ რაღაც არ მომწონს, თქვა, რომ აპრიორი, ეს მიუღებელია, მაგრამ ხომ შეიძლება თქვა, რომ მეორე მხრივ, ეს რა კარგი რამ ხდება საქართველოში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაცას ვიგონებ და ამ ფორუმებსა და სამიტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საინვესტიციო კუთხით საქართველსადმი ინტერესი არ არის, მაგრამ ეს ხომ აქსიომაა და აქსიომას არ ჭირდება დამტკიცება,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები